ჭიბონი
ჭიბონი აჭარაში გავრცელებული ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავია. ძირითადად, ჭიბონზე სრულდება საცეკვაო მელოდიები ფანდურის, ჩონგურის ან დოლის თანხლებით. მასზე მხოლოდ მამაკაცები უკრავენ და გამოიყენება როგორც სააკომპანემენტო ინსტრუმენტი.

მსგავსად გუდასტვირისა, ჭიბონი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან – გუდისაგან(1) და სტვირებისაგან(2). გუდა მზადდება თხის, ცხვრის, ხბოს ან პატარა კრავ-თიკანის ტყავისაგან, რომელიც ბალნიდან კარგად არის გასუფთავებული. გუდას ერთ ფეხში დატანებული აქვს ხის პატარა მილი, რომლითაც მას ბერავენ(3). მას სარქველის ფუნქცია აკისრია. გაბერილ გუდას კისრის ზედა მხარეს უკეთდება ხის საცობი, რომელსაც ხშირად ფარავენ სარკით. გუდაში ჩასმულია ბუდე, რომელშიც ჩადგმულია ე.წ. დედნები ანუ ლერწმები(4) - თანაბარი სიგრძისა და სისქის ორი ხის მილი. მარცხენა მილს ეწოდება «დამწყები» და აქვს ხუთი სახმო ნახვრეტი (თვალი), ხოლო მარჯვენას ეწოდება «მოძახილი, მებანე» და აქვს სამი სახმო თვალი. მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ლერწმების განლაგება პირიქითაა. გუდასტვირისაგან განსხვავებით, გუდას არ სვამენ პერანგში.

ჭარული ჭიბონის ბგერათრიგი დიატონურია. მასზე აიღება ორხმიანი თანაბგერადობები და სრულდება ორხმიანი ჰანგები. ორხმიანობა მიიღწევა რქაში ჩასმული ორი ლერწმის ერთდროული აჟღერებით. აჭარული ჭიბონის დიაპაზონია დიდი სექტა.

აჭარული ჭიბონის წყობა:
I ღეროზე — e 1-fis 1-g 1-a 1-h 1-cis2
II ღეროზე — e 1-fis 1-g 1-a 1.

 

 

 

 

დასაწყისი