ქართული ხალხური მუსიკა და სიმღერა სათავეს უძველესი დროიდან იღებს. იგი დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორც სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ოდითგანვე ხალხური მუსიკა ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.

უძველესი დროიდან შემონახული ხალხური მუსიკა და ხალხური საკრავები ნათლად წარმოაჩენს ამა თუ იმ ხალხის ცივილიზაციის დონეს და განვითარების იმ გზას, რომელიც მათ თავისი არსებობის მანძილზე განვლეს.

უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის და საკრავების შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველ ბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაუმზადებიათ. მაგ: სალამური, ჩანგი, წინწილა, ლირა და სხვა.

მუსიკალური აზროვნების შესაბამისად, დროთა განმავლობაში საკრავები დახვეწა-განვითარებას განიცდიდნენ. მოძველებულნი გზას უთმობდნენ ახალსა და უფრო სრულყოფილ საკრავებს. ცალკეულ შემთხვევაში ამ საკრავთა ნაწილი საერთოდ გადიოდა ხმარებიდან. ამჟამად, მოგვეპოვება ქართული საკრავების ბევრი ისეთი სახელწოდება, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ვინაიდან ამ სახელის მატარებელი საკრავი უკვე დიდი ხანია აღარ გამოიყენება. ის ერთგვარი ბუნდოვანება, რომელიც ქართული საკრავების აღმნიშვნელ ტერმინებსა და თვით საკრავებს შორის არსებობს, ერთობ აძნელებს ძველი ქართული საკრავების კვლევა-ძიების საკითხს. ამ მხრივ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საკრავების მთელი რიგი, რომელიც ნახსენებია ქართულ წერილობით წყაროებში, წინასწარ გარკვევასა და დადგენას მოითხოვს. ჩვენ არ გაგვაჩნია მათ შესახებ უშუალო და პირდაპირი ცნობები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ჭეშმარიტების დადგენა. ზოგჯერ ისინი ფრესკებზე მინიატურებსა და სხვა ნივთიერ ძეგლებზეა აღბეჭდილი. ხშირად კი ამ ბედნიერ შემთხვევითობასაც მოკლებულნი ვართ და ამა თუ იმ საკრავის მხოლოდ სახელწოდებაღა გვაქვს შემონახული.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა ანუ პოლიფონიურობა უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. მათ შორის ქართული მრავალხმიანობა სრულიად განსაკუთრებული, განსხვავებული და მრავალეფროვანია. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს.

ქართული ხალხური სიმღერები და საკრავები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესებზე. ამდენად, ქართულ ხალხურ სიმღერას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. საქართველოში დღემდეა შემორჩენილი უძველესი სარწმუნოების კვალი, რომელშიც ქართველთა მითოლოგიური წარმოდგენებია ასახული. ქართულ სოფელში დღესაც შეიძლება მოისმინოთ უძველესი შელოცვები, ამინდის ღვთაების საგალობლები, მზის სადიდებელი ჰიმნი, სამკურნალო-სავედრებელნი და სხვა. აღსანიშნავია, რომ უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურად სრულდება, რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა.

საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერა იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. „ჩაკრულოს“, „ლილეს“, „ჰასანბეგურას“, „მრავალჟამიერის“, „იავნანას“ და კიდევ მრავალ უბრწყინვალეს სიმღერათა სამშობლო – საქართველო, „მსოფლიო ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“, ხოლო ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო შედევრად აღიარეს.

ქართველ ხალხს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით, რომლის მოვლა-პატრონობაც ახალგაზრდა თაობის ვალია.

წინამდებარე ნაშრომი აღნიშნული საკითხისადმი მიძღვნილი მცირედი წვლილია და მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებას გააცნოს ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება და გარკვეულწილად ხელი შეუწყოს ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების პოპულარიზაციას. ძირითადად, ჩვენ ვეყრდნობით პრაქტიკოს-ხელოვნებათმცოდნეების, ცნობილი შემსრულებლებისა და საკრავების ოსტატების გამოცდილებას, ასევე ლიტერატურას, სადაც ასახულია სხვადასხვა მეცნიერ-მკვლევარების მიერ მოპოვებული მასალები, რომელნიც საშუალებას გვაძლევენ დავინახოთ ქართული საკრავების განვითარების გზები, თითოეული მათგანის ადგილი ქართველი ხალხის მუსიკალურ ყოფაში, მათი დამზადების და გამოყენების ტრადიციები.

 

დასაწყისი

ქართული ხალხური საკრავების გავრცელება

ქართული ხალხური საკრავების გავრცელება