ჩანგი
ჩანგის შექმნას სევდინი ლეგენდა ასახავს. ლეგენდის მიხედვით ჩანგი შეუქმნია ვინმე მოხუცს, რომელსაც შვილი დაეღუპა. ჩანგის ტანი ახალგაზრდის მკლავია, სიმები - მისი თმები, ხოლო ჩანგის ნაღვლიანი ხმა - მწუხარე მამის ცრემლები.

ერთხელ ომიანობისას, მოხუცი მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი ერთადერთი ვაჟიშვილი საომრად წასულა. წასულა და აღარ დაბრუნებულა. ლოდინით დაღლილი მამა თავად გაემართა ბრძოლის ველისაკენ, დაჭრილს თუ არა ცხედარს მაინც ვიპოვიო. დიდხანს იარა მოხუცმა, სანამ ბრძოლის ველს მიადგებოდა.

ნაომარი ადგილი გვამებით ყოფილა სავსე... დადიოდა ჩონჩხებსა და მიხრწნილ სხეულებს შორის მოხუცი და შვილის ცხედარს ეძებდა. წელზე შებმული მეწამული ქამრით უცვნია ვაჟის ძვლებადქცეული სხეული. გარდაცვლილს მკლავები გვერდზე გადაკეცვოდა და ძარღვები ლარივით გადაჭიმულიყო ერთი ძვლიდან მეორეზე.

აუღია მამას მოკლული შვილის მკლავი, ჩამოუკრავს მოკანკალე ხმელი თითები დაჭიმულ ძარღვებზე და ისე გულის მომკვლელი მოთქმით დაუწყია შვილის დატირება, მთები შეზანზარდნენო ირგვლივ...

საინტერესოა, რომ იგივე თქმულება სახეცვლილი ფორმითაც გვხვდება, რაც საერთოდ დამახასიათებელია ლეგენდებისთვის. ამ ვერსიაში მოხუც მამას სატრფო ენაცვლება. ბრძოლაში დაღუპულ სატრფოს გულისსწორი დიდხანს ელოდა. ბოლოს ქალმა, ბევრი ძებნის შემდეგ, იპოვა შეყვარებულის ცხედარი, მის მკლავზე გააბა საკუთარი თმა და სევდიანი სიმღერა დაამღერა.

ჩანგი მართლაც მიაგავს მოხრილ მკლავს. ჩანგი განსაკუთრებით პოპულარულია სვანეთში და «მწუხარების» საკრავად თვლიან, მასზე უკრავდნენ დარდის შესამსუბუქებლად. მოცემული ლეგენდებიც ჩანგის მწუხარების საკრავად აღიარებასთან გარკვეულ გამოძახილს ჰპოვებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაწყისი